„ქართული ოცნება“ დანიელსონის დოკუმენტს ხელს აწერს

ცალმხრივი ხელმოწერა „ქართული ოცნებიდან“ – ორი კვირის შემდეგ მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო.

ხელისუფლება მზადაა, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ ხუთ პუნქტიან დოკუმენტს ხელი მოაწეროს. პირობა ასეთია: ხუთივე პუნქტი შესრულდება იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს და ხელს მოაწერს ოპოზიციაც. ამ ნაბიჯით მმართველი გუნდი ცდილობს, საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ შეთანხმების შანსი მას არ გაუშვია ხელიდან. საინტერესოა, რომ გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ში პარტიის თავმჯდომარის ვიზიტის პარალელურად გამოაცხადა. მიდგომა მისასალმებელია საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომლებიც დოკუმენტის ხელმოწერისკენ მმართველ გუნდს ჯერ კიდევ უშედეგო მეორე რაუნდის დასრულებისთანავე მოუწოდებდნენ. იგივე გზავნილი აქვთ ახლა ოპოზიციის მისამართით, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპონენტების დიდი ნაწილისგან უარი მიიღო.