ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად ჩატარებულ სამუშაოებს ევროპის კიდევ ერთ ქალაქში ისმენენ.
ქართული დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია დაიწყო. მმართველი პარტიის თავმჯდომარე გეგმავს, რომ ევროპარლამენტარებს ივნისში შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიერ მიღებულ კანონპროექტებზე და ოპოზიციის ნაწილის მიერ პროცესის ბოიკოტირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. დეოლიგარქიზაციის და სასამართლოს რეფორმების პროექტების გარდა, რომლებზეც ახლა ვენეციის კომისიის დასკვნებს ელოდებიან, „ქართული ოცნება“ ევროკომისიის დანარჩენ რეკომენდაციებს შესრულებულად აცხადებს. პირველ, ანუ დეპოლარიზაციის პუნქტზე კი მთელ პასუხისმგებლობას ოპონენტებს აკისრებს. სესიაში მონაწილეობის პარალელურად, მმართველი გუნდის წევრები ასევე აპირებენ, რომ განმარტებები მიიღონ ორი კვირის წინ საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხსაც ეხებოდა და რომელსაც „ქართული ოცნების“ მხრიდან მძიმე რეაქცია მოჰყვა.