„ქალები მავთულხლართების პირისპირ“ - დოკუმენტური ვიდეოისტორიების ჩვენება ერგნეთში
ერგნეთში, ომის მუზეუმში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებული დოკუმენტური ვიდეოისტორიების – „ქალები მავთულხლართების პირისპირ“ ჩვენება გაიმართა.
ვიდეორგოლები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები შვიდი ქალის ცხოვრებას ასახავს, რომლებიც მიუხედავად არაერთი სირთულისა და გამოწვევისა, აქტიურობენ და აკეთებენ საქმეს, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის და მათი ოჯახებისთვის, არამედ მთელი სოფლისა და მოსახლეობისთვის.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სოფელ ერგნეთის მკვიდრი ქალები, სამშვიდობო პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ვიდეოისტორიების გმირი ქალებიც, რომელთაც ომის შემდგომ, გასული 10 წლის განმავლობაში, მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს და სამშვიდობო პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.