ქალაქ რუსთავის ბიუჯეტის განხილვა

დღეს რუსთავის საკრებულოში ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით უნდა განიხილონ. სხდომა 2 საათზე დაიწყო, თუმცა ბიუჯეტი ბოლო საკითხადაა გადატანილი. ბიუჯეტის პროექტი წელს 112 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 25 მილიონი ლარით მეტია . 43 %-ითაა გაზრდილი სოციალური ბიუჯეტი. რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი პირველი მოსმენით ჩააგდო და უკან დააბრუნა. ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ალექსანდრე ბერიძე აცხადებს, რომ ბიუჯეტს მხარს დღესაც არ დაუჭერენ. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ამბობს, რომ ეს არის იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია და იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია  ბიუჯეტს ისევ ჩააგდებს, ქალაქი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, საკრებულოს სხდომაზე ადგილობრივები მივიდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარ პრობლემებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.