პროტესტი, ძალადობა, მაროდიორობა აშშ-ში და კომენდანტის საათი 40-ზე მეტ ქალაქში

ვითარება სულ უფრო უკონტროლო ხდება აშშ-ში.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გახმაურებულ საქმეზე აგორებულმა საპროტესტო ტალღამ მთელი ქვეყანა მოიცვა. მოქალაქეებისთვის პოლიციელ დერეკ შოვინის დაკავება და სამი სამართალდამცავის სახლში გაშვება საკმარისი არ არის. დემონსტრანტები პოლიციის მხრიდან რასისტულ ნიადაგზე ძალადობას გმობენ და სისტემურ ცვლილებებს მოითხოვენ. შეტაკებებში გადაზრდილ აქციებზე სიტუაცია იმდენად მწვავდება, რომ რამდენიმე საათით დონალდ ტრამპი ბუნკერში ჩაიყვანეს.

40-ზე მეტ ქალაქში გამოცხადებულია კომენდანტის საათი. თუმცა დემონსტრანტები მკაცრ შეზღუდვებს არ ემორჩილებიან. „სი ენ ენის“ ინფორმაციით, აქციების დროს ამერიკელმა სამართალდამცველებმა 4000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტახნის წინ დონალდ ტრამპმა შტატების გუბერნატორებთან ვიდეოკონფერენციაც გამართა და მათ შექმნილ ვითარებაში მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდა.

მასობრივი არეულობის ფონზე, ტრამპის ადმინისტრაცია   აცხადებს, რომ შტატებში აქციები ანარქისტებისა და ულტრამემარცხენე ჯგუფების მხრიდან იმართება.