პროკურატურის ბრალდება ორგანიზებული თაღლითობის საქმეზე

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი. დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ჯგუფის წევრები ეძებდნენ შეჭირვებულ მოქალაქეებსა და ემიგრანტებს. თავს აცნობდნენ მათ როგორც შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის მონაწილეებს და მოქალაქეების ბინების უზრუნველყოფის მიზნით აგროვებდნენ თანხას.

შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 41 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 1 054 150 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ. გამოძიება გრძელდება ჯგუფში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით. პროკურატურა მოქალაქეებს მიმართავს, ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.