პროკურატურა მელიას საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. სასამართლომ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდებისა და დამატებითი ვალდებულებების გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლომ მოგვიანებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, შუამდგომლობის განხილვისას, საქმის მასალების შეფასებისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არსებობს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის აუცილებელი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველყოფა შესაძლებელია ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, 30 000 ლარის ოდენობით გირაოს პირობებშიც.