ვაქცინაციის მაჩვენებელი ყოველდღე იკლებს.
გეგმით გათვალისწინებული რაოდენობის, ანუ დღეში 3 000 ადამიანის ნაცვლად, ვაქცინას საშუალოდ 100 ადამიანი იკეთებს. დღეს ამ მაჩვენებელმა 100-საც ვერ მიაღწია. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის გარდა 55 წელს ზემოთ პირების აცრაც დაიწყოს. უკიდურესად დაბალი მიმართვიანობიდან გამომდინარე ექიმების ნაწილი საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებაზეც ალაპარაკდა. რამდენიმე საათში საქართველო აშშ-დან „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზას მიიღებს. დღეს უკვე გაკეთდა მინიშნება, რომ, თუ ვაქცინები დროულად არ იქნება ათვისებული, მომავალში „კოვაქს პლატფორმიდან“ მათი მიღების საკითხი შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს. ეპიდემიოლოგები პირდაპირ ამბობენ, რომ ქვეყანაში მესამე ტალღის საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება.