თბილისთან ახლოს მდებარე და ბუნებით და ჰაერით გამორჩეულ მანგლისში წელს დამსვენებლების ნაკლებობაა.
დაბაში არსებული მძიმე სოციალური პირობები ტურისტულ სეზონზეც აისახა. უკვე წლებია, მოუგვარებელია წყალმომარაგების პრობლემა, დაბას არ მიეწოდება ბუნებრივი აირიც. ადგილობრივების არაერთი თხოვნის და პროტესტის მიუხედავად, წყლის ახალი სათავე ნაგებობის მოსაწყობად ორი წლის წინ დაწყებული სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა. ამ პერიოდში ხელშეკრულების პირობები უკვე ხუთჯერ შეიცვალა. ცალკე პრობლემაა სარემონტო სამუშაოების გამო გადათხრილი ქუჩები და გზები, რის გამოც საავტომობილო გადაადგილება შეფერხებულია.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს პრობლემის მოგვარების ვადებზე კონკრეტული პასუხები ისევ არ აქვთ.