პრეზიდენტის მორიგი ვეტო პოლიტიკურ სპექტრში კვლავ ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა. ოპოზიციის დიდი ნაწილი სალომე ზურაბიშვილის ვეტოს სწორ პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებს და აცხადებს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილებით, „ქართული ოცნება“ ცესკო-ს სრულად იქვემდებარებს და საარჩევნო კანონმდებლობას მის პოლიტიკურ ინტერესებს არგებს.
მმართველი გუნდი კი ოპონენტების კრიტიკასა და პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ იზიარებს და ვეტოს დაძლევას აპირებს. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების ერთადერთი მიზანი ცესკო-ს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფაა.