პრეზიდენტის ვეტო - განხილვა პარლამენტში

მმართველი გუნდის პასუხი სალომე ზურაბიშვილს.

„ქართული ოცნება“ ამ კვირაში პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. კანონპროექტი, რომელსაც სახელმწიფოს მეთაურმა ვეტო თვეების წინ დაადო, ეროვნულ ბანკს ეხება. ბანკის საბჭოში არსებული ორი ვაკანტური ადგილი სახელისუფლებო შტოებს შორის ახალი დაპირისპირების საგანია. მმართველი პარტია და სალომე ზურაბიშვილი ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდნენ. შეთანხმების შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა მზად იყო, ვეტო არ დაეძლია კანონპროექტზე, რომლის მიხედვით ეროვნულ ბანკში ახალი თანამდებობა – პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის, რომელსაც საბჭოს მოქმედ წევრებს შორის აირჩევენ. ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევამდე სწორედ ის შეასრულებს მის მოვალეობას. სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, ახალი თანამდებობის შემოღების მიღმა მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესს ხედავს ოპოზიციაც. თავის მხრივ ხუციშვილის კანდიდატურის გარშემო რაიმე შეთანხმების არსებობას უარყოფს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელიც ფინანსთა მინისტრის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს და ეროვნული ბანკის საბჭოს ორი ახალი წევრის წარდგენას უახლოესი პერიოდისთვის აანონსებს. ახლა საინტერესოა, იქნება თუ არა ეს ორი კანდიდატი „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები.