საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მესამე სექტორში და პოლიტიკურ წრეებში მწვავე კრიტიკის საგანი ხდება.
სასამართლოს პირველ ინსტანციას პოლიტიკურად მოტივირებული დადგენილების მიღებაში და პრეზიდენტის უფლებამოსილების უკანონოდ შეზღუდვაში ადანაშაულებენ. ასე იკითხება მათი მხრიდან იუსტიციის საბჭოს წევრობის ყოფილი კანდიდატის სარჩელის დაკმაყოფილება, რის შედეგადაც პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატის დანიშვნის პროცესი შეჩერდა და სამართალწარმოების დასრულებამდე სალომე ზურაბიშვილს ახალი კონკურსის ჩატარება აეკრძალა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის ასარჩევად კონკურსი ცოტა ხნის წინ ჩატარდა. პრეზიდენტთან არსებულმა საკონკურსო კომისიამ სახელმწიფოს მეთაურს ხუთი კანდიდატიდან კახა წიქარიშვილის და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურები წარუდგინა, მათგან პრეზიდენტმა წიქარიშვილის კანდიდატურა შეარჩია. თუმცა, დამარცხებული ერთ-ერთი კანდიდატი, მანუჩარ კაკოჩაშვილი თავს დაჩაგრულად მიიჩნევს და სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. მოსარჩელე კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კლანური პრინციპებით ჩატარებულად აცხადებს და შვიდი წევრისგან შემდგარ კომისიას მიკერძოებაში ადანაშაულებს.