პრეზიდენტი დუმს. სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციას ამ დრომდე არ გაუკეთებია განმარტება, რის საფუძველზე აღმოჩნდა ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, 19 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული შეწყალებულთა სიაში.
ფაქტს ცალსახად ნეგატიური რეაქციები და პროტესტი მოჰყვა საზოგადებასა და პოლიტიკურ სპექტრში. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიუღებელია მმართველი გუნდისთვისაც, სადაც დღეს შეწყალების სისტემის გადახედვის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების შემდეგ ბოლო ორ კვირაში სალომე ზურაბიშვილის უკვე მეორე გადაწყვეტილება ხდება მწვავე კრიტიკის საგანი.
ასლან ბეჟანიძე, რომელსაც 2004 წელს პეკინის გამზირზე მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაში ედება ბრალი, 12 წელი იძებნებოდა. ის სამი წლის წინ დააკავეს, 28 აგვისტოს კი ციხე შეწყალებულის სტატუსით დატოვა ისე, რომ სასჯელის ნახევარიც არ ჰქონდა მოხდილი.