პარლამენტიდან პროტესტით წასვლამდე პრეზიდენტმა დეპუტატებს ყოველწლიური მოხსენებით მიმართა.
წინა წლებთან შედარებით, ეს იყო ყველაზე ხანმოკლე, – 23-წუთიანი, – გამოსვლა, რა დროსაც გიორგი მარგველაშვილმა ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებით გააკრიტიკა. სახელმწიფოს მეთაურს შენიშვნები აქვს ბოლო საპარლამენტო არჩევნების, სამართალდამცავ უწყებებში დასაქმებული ადამიანების ნაწილის, სასამართლო სისტემის და კონსტიტუციაში შეტანილი რამდენიმე ცვლილების მიმართ. მათ შორისაა პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი და უშიშროების საბჭოს გაუქმება. მოხსენებაში ყველაზე პოზიტიურად ქვეყნის საგარეო პოლიტიკა იყო შეფასებული. ოპოზიციაც და მმართველი გუნდიც მიმართვის შინაარსით უკმაყოფილო არიან. უმრავლესობის ლიდერთა ტონი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ორთვიანი დაგვიანებით მისულმა პრეზიდენტმა პარლამენტი ნაადრევად დატოვა.