„როცა საქმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ეხება, მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი და ამ ერთიანობას უნდა იზიარებდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი“, – ამ განცხადებით გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პრეზიდენტის კრიტიკას, რომელიც ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობდა.
აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მსხვერპლმა მიმართა პოლიციას, აცნობა მათ საფრთხის შესახებ და როცა ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, ყველაფერი პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაბრალდა. პრეზიდენტიც და მისი საპარლამენტო მდივანიც შავ პიარზე საუბრობენ, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა გამოხმაურებაც მოჰყვა.
შეგახსენებთ, 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. საქმეზე ბრალდებული მოკლულის მამინაცვალია, რომელსაც პრეზიდენტმა წინა დანაშაულზე სასჯელის ვადა შეუმცირდა. მკვლელობის დღეს ბრალდებულს რამდენიმე საათით ადრე პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.