პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობა.
„ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის მძაფრ კრიტიკას არ იღებს. გუშინდელი მძიმე ბრალდებებიდან მმართველი პარტიისთვის განსაკუთრებით მიუღებელი ის განცხადება აღმოჩნდა, რომლის მიხედვით ბოლო ერთ წელში საქართველომ ასოცირებულ ტრიოში პირველიდან ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. ამ გზავნილის მიღმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საწინააღმდეგო რიტორიკას ხედავს. სალომე ზურაბიშვილს სიცრუის გავრცელებაში და რადიკალური ოპოზიციის გზავნილების გამეორებაში ადანაშაულებენ. გუშინ დასახელებულ ყველა იმ არგუმენტს, რომლებმაც პრეზიდენტის აზრით, ისტორიული გადაწყვეტილების წინ საქართველოს ბრიუსელში საქმე გაუფუჭა, მმართველი პარტიის ლიდერების უმწვავესი რეაქციები მოჰყვა.
ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების და ხელისუფლების უმოქმედობის შედეგი, – ასე ახსნა პრეზიდენტმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული მძიმე შინაარსის რეზოლუცია.