მართლმსაჯულება არ უნდა იყოს იმ ადამიანების ხელში, ვინც წინა ხელისუფლების დროს ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე, ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე ისაუბრა და თქვა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სისტემური დანაშაულის შესაძლებლობებს აღმოფხვრის, ყოველთვის იყო მის ინტერესებში. პრეზიდენტის თქმით, სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა ეფექტური მექანიზმის შექმნით უნდა დაიწყოს, რათა არსებობდეს გარანტია, რომ მსგავსი დანაშაული აღარ განმეორდება.
ინიციატივა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილი საუბრობს უმრავლესობას ეკუთვნის და კონკრეტულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ეხება. ცვლილებებით უნდა მოხდეს გირგვლიანის საქმის მსგავსი სისტემური დანაშაულების პრევენცია და უზრუნველყოს სახელმწიფო ძალმომრეობისგან მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობა. რაც ეხება ოპონენტების განცხადებებს გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებულთა რაოდენობაზე, პრეზიდენტი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მის წინააღმდეგ შავი პიარით არის დაკავებული და სინამდვილეში მას სხვა პრეზიდენტებთან შედარებით ბევრად ნაკლები პატიმარი ჰყავს შეწყალებული.