პრეზიდენტის მწვავე კრიტიკა საპარლამენტო ტრიბუნიდან „ქართული ოცნების“ მისამართით.
სალომე ზურაბიშვილის ტონი და განცხადებები ყველა წინა გამოსვლასთან შედარებით დღეს ყველაზე მკაცრი და მძიმე იყო. „სად დგახართ დღეს“ – ასე დაიწყო მიმართვა მმართველი პარტიის მიმართ, რომელიც ქვეყნის საგარეო მიზანთან დაპირისპირებაში და ერთპარტიული მმართველობის შექმნაში დაადანაშაულა. დაჩქარებით მიღებული კანონები, ჩიხში შესული სასამართლო რეფორმა, შარლ მიშელის შეთანხმების გაუქმება, გუნდიდან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წასვლა, ანტიევროპული რიტორიკა, რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა, უკრაინისადმი სოლიდარობის არ გამოხატვა, კონსპირაციული თეორიები მეორე ფრონტის გახსნაზე – ეს პრეზიდენტის მიერ დასახელებული ის მიზეზებია, რომლებმაც, მისი აზრით, ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გარეშე დატოვა, „ქართული ოცნება“ კი ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს დააშორა. ყოველწლიური მიმართვის დასრულების შემდეგ პრეზიდენტს ტაში მხოლოდ ოპოზიციამ დაუკრა. მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამაც“, რომელიც არაერთი ბოიკოტის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლას პირველად დაესწრო. ოპოზიციონერი ლიდერების ქების და მადლობების ფონზე პრეზიდენტის გამოსვლას უკიდურესად ტენდენციური უწოდა მმართველმა გუნდმა.