პრეზიდენტი მზად არის, “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილოს
პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის შეთავაზებას დათანხმდა. გიორგი მარგველაშვილი მზად არის, “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით უკვე მიღებულია, საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილოს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი პრეზიდენტთან შეხვედრის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც გიორგი მარგველაშვილმა დაინტერესებულ მხარეებთან, კერძოდ მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა დანიშნა. ეს შეხვედრა ორშაბათს უნდა გაიმართოს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მომზადებისა და საპარლამენტო განხილვის პერიოდში, შეხვედრა ყველა დაინტერესებულ მხარესთან გაიმართა და საბჭო მზად არის, არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე პრეზიდენტს ესაუბროს. “ასეთი შეხვედრის შემდეგ, თუ ბატონ პრეზიდენტს კიდევ დარჩება კითხვები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, მზად ვიქნებით, ვისაუბროთ შეხვედრის სხვა ფორმატზე, – წერია მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში.
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით 14 დეკემბერს დაამტკიცა.