საბჭოთა ოკუპაციიდან 99 წლის შემდეგ ისევ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებია მთავარი თემა, რომელსაც საქართველოს პრემიერი ამჯერად გავლენიან ამერიკულ გამოცემაში დაბეჭდილ სტატიაში ეხება.
„ვოშინგტონ თაიმსში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში გიორგი გახარია პირდაპირ წერს, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მოთხოვნას ორგანიზაციამ სწორედ ახლა უნდა უპასუხოს. სტატიაში ვრცლად არის მიმოხილული, თუ რამდენად დიდი როლი აქვს ქვეყანას შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის, როგორ ეწინააღმდეგება მოსკოვი ალიანსში ჩვენი ქვეყნის შესვლას და რა საშიშროებას უქმნის რეგიონს რუსეთის ინტერესები. ერთობლივი წვრთნების გაფართოება და ქართული პორტების უფრო აქტიურად გამოყენება, – ასე ესახება საქართველოს მთავრობის მეთაურს საკუთარი ქვეყნის როლი შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.