საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობა განიხილეს. ხაზი გაესვა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობას, რომელიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას უწყობს ხელს. ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გარემო და გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად. ირაკლი ღარიბაშვილმა ლეო დოქერტის საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე.