პრემიერი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე

როგორ გაგრძელდება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა – ახალი პოლიტიკური გზავნილები უნდა გაჟღერდეს ბუდაპეშტში, სადაც 40-მდე ლიდერი იმყოფება.

უნგრეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი დაიწყო. საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც დასკვნით პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩატარებულ არჩევნებზე განცხადებები, რომლებიც სამიტის მსვლელობისას რამდენიმე ევროპელი ლიდერის მხრიდან გაკეთდა. უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე სამიტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ ევროკავშირს საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერებული აქვს და ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის კონკრეტულ პირობებს აყენებს. კანდიდატის სტატუსის მქონე და წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის მოლოდინში მყოფი ქვეყნის მთავრობის მეთაურმა ევროპელი ლიდერებისადმი დღევანდელ მიმართვაში სწორედ იმ თემებზე გააკეთა აქცენტი, რაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ეხება. ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის პრიორიტეტად დასახელდა.