ურთიერთობის გადატვირთვის კუთხით საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, რომელიც უნგრეთის დედაქალაქში იმართება.
ბუდაპეშტში იმყოფება პრემიერი ირაკლი კობახიძე. განხილვის მთავარი თემა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებია. ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა. მოლოდინია, რომ გარკვეული გზავნილები გაჟღერდება ჩვენს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, ევროკავშირს კი საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი რამდენიმე თვეა, შეჩერებული აქვს. უნგრეთში, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, ევროკავშირის ყველა ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ. სამიტის მიმართ ინტერესს ზრდის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიც.