პრემიერი ევროკომისიას ევროპარლამენტის მწვავე რეზოლუციის მძიმე ჩანაწერებზე პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს.
ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთი ვრცელი წერილის მთავარი ადრესატი ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენია, მიმართვის ძირითადი მიზეზი კი 9 ივნისის რეზოლუციის ის მძიმე ჩანაწერებია, რომლებიც საქართველოში ოლიგარქიულ მმართველობას, ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურ როლს, კრემლთან კავშირებს და დეოლიგარქიზაციას ეხება. ყველა ამ ჩანაწერს მთავრობის მეთაური ქვეყნის მმართველობითი სისტემის დისკრედიტაციად და პოლარიზაციის გაღრმავების ხელშემწყობ ყალბ ბრალდებებად მიიჩნევს და ითხოვს, რომ ევროკომისია დეოლიგარქიზაციის პერსონიფიცირებას გაემიჯნოს. პრემიერ-მინისტრის ტონი საკმაოდ მკაცრია. ევროკომისიის პრეზიდენტს მთავრობის ხელმძღვანელი წინა კვირას გამოქვეყნებულ იმ წერილსაც ახსენებს, რომელიც პოლიტიკიდან ივანიშვილის სრულად დისტანცირების და ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების მტკიცებას ეხებოდა.