ევროკავშირის შემდეგ ნატო – პრემიერის რანგში ირაკლი კობახიძემ ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში პირველი ვიზიტი დაასრულა.
შიდა რეფორმების გაგრძელება და ტემპის გაზრდა – ასეთია მთავარი მოწოდება ალიანსის გენერალური მდივნისგან. საქართველო ნატოს ახლო პარტნიორის სტატუსს ინარჩუნებს, რაც იენს სტოლტენბერგის განცხადებამაც დაადასტურა. იყო მკაფიო და გამაფრთხილებელი გზავნილები რუსეთის მისამართით. სწორედ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და გაუარესებულ რეგიონულ უსაფრთხოებაზე გაკეთდა დღევანდელ შეხვედრაზე აქცენტი. სტოლტენბერგმა ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მიმართ საქართველოს პოზიციონირებაც შეაფასა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ ქართული დელეგაცია ალიანსთან პარტნიორობის გაღრმავებას ელოდება. ბუნებრივია, განსაკუთრებული ინტერესია ვაშინგტონის მოახლოებული საიუბილეო სამიტის მიმართ.