გაუქმებული მოსაწვევი – საქართველოს პრემიერი ამერიკის პრეზიდენტის სახელით მსოფლიო ლიდერებისთვის გასამართ მიღებას აღარ დაესწრება.
აშშ-ის ადმინისტრაციამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში დაგეგმილ ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძე ჯერ მიიწვია, მიღებამდე საათებით ადრე კი მოწვევა გააუქმა. ოფიციალურ მიზეზად ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა სახელდება. საქართველო-ამერიკას შორის ბოლო პერიოდში უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობის ფონზე კიდევ უფრო იზრდება ინტერესი იმ გზავნილების მიმართ, რომლებიც რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან უნდა გააჟღეროს. დღეს ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე სიტყვით წარდგება – ეს იქნება პრემიერის რანგში მისი პირველი გამოსვლა უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნიდან. მიმართვამდე კი მთავარი თემა თეთრი სახლის გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ფორმაა.
რატომ გაუქმდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელისთვის განკუთვნილი მოსაწვევი საათებით ადრე, – პირდაპირ ეთერში ვრთავთ ნიუ იორკს, სადაც ჩვენი ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი მუშაობს.