სრული მხარდაჭერა სანქცირებულ მოსამართლეებს და მთელ სასამართლო კორპუსს პრემიერისგან – ასეთია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან შეხვედრის მთავარი გზავნილი.
მთავრობის მეთაურისთვის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება სუვერენული ქვეყნის სასამართლოში ჩარევის ეჭვს აჩენს. საბჭოს წევრთა მიმართვის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს უზენაეს სასამართლოში მივიდა. იუსტიციის საბჭოს წევრებმა პრემიერ-მინისტრს ის ფაქტები გააცნეს, რომლებიც მათივე მტკიცებით, ამერიკის საელჩოს მხრიდან მათზე ზეწოლის მცდელობებს ადასტურებს. მაღალკვალიფიციურები და პროფესიონალები – ასე ახასიათებს მთავრობის ხელმძღვანელი ამერიკის მხრიდან სანქცირებულ მოსამართლეებს, რომლებიც ოპოზიციის და მესამე სექტორის ნაწილის მხრიდან სასამართლოში არსებული კლანის წარმომადგენლებად მოიაზრებიან. კორუფციული ბრალდებით სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ სანქციის დაწესება მიუღებელია იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარისთვისაც, რომელიც როგორც ირკვევა, კონკრეტული მტკიცებულებების მისაღებად ამერიკის ელჩს პირადად შეხვდა.
ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე გადაწყვეტილებას აშშ-ის სასამართლოში გაასაჩივრებს.