პრემიერ-მინისტრი საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა უნგრეთის მხარეს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთი განაგრძობს საქართველოს გვერდში დგომას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ევროინტეგრაციის მიმართულებით ახალ ეტაპზე გადასვლას ისახავს მიზნად. ხაზგასმით აღინიშნა უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, მხარდაჭერის მნიშვნელობა ამ პროცესში. მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის სექტორული კავშირების შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.
პრემიერი ესტონეთის ელჩსაც შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობები და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გააქტიურებას ეკონომიკისა და ინვესტიციების მიმართულებებით. დიპლომატმა მთავრობის მეთაურს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ესტონეთის მხარდაჭერა დაუდასტურა.