პირველი სამუშაო დღე პრემიერის სტატუსით.
ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის პოსტზე საქმიანობას შეუდგა. განახლებული მინისტრთა კაბინეტის ერთადერთი ახალი სახე დღეს პრემიერ-მინისტრმა თანამშრომლებს პირადად წარუდგინა. პარლამენტიდან მთავრობაში გადანაცვლებული ირაკლი ჩიქოვანი ძველ უწყებაში დაბრუნდა. წლების წინ ჩიქოვანი სწორედ თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. თავდაცვის ახალმა მინისტრმა თანამშრომლებს საკუთარი გეგმები და პრიორიტეტები გააცნო. ცვლილებებია მთავრობის ადმინისტრაციაშიც. ახალი ხელმძღვანელი ჰყავს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს.
როგორ დაკომპლექტდება ადმინისტრაცია, ვინ შეცვლის რევაზ ჯაველიძეს და ვინ იქნებიან პრემიერის მრჩევლები – ირაკლი კობახიძე მოსალოდნელ ცვლილებებზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.