ევროპული საბჭოს გადამწყვეტ სხდომამდე საათებით ადრე თბილისიდან ბრიუსელში წერილები იგზავნება.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს მიმართავს. საქართველოს პრემიერი ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს აჯამებს და კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირს დადებითი გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს. წერილებში დეტალურად არის განხილული სტატუსის მისაღებად 12 პუნქტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები და ხაზგასმულია, რომ რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება. რა გადაწყვეტილებას უნდა ელოდოს 14-15 დეკემბრის სამიტზე საქართველო – მნიშვნელოვანი აქცენტები იკითხება იმ დასკვნაში, რომელიც სამიტის წინ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრების საბჭომ მიიღო. ევროკომისიის მიერ გაცემული ახალი რეკომენდაციების შესრულება, მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა, კონსტრუქციულობის გამოვლენა ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან და პოლარიზაციის დასრულება მთავარი გზავნილებია. დასკვნაში საუბარია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და სასამართლო რეფორმაზეც.