საქართველოს პრემიერ-მინისტრი უარყოფს ცნობებს ხმების გაყალბების შესახებ – პარალელურად კი პრეზიდენტი მასობრივ პროტესტს აანონსებს, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC. გამოცემა წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ბიბისის“ ჟურნალისტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში უარყო კენჭისყრის შედეგების გაყალბებისა და ძალადობის ბრალდებები და ისაუბრა სადავო შედეგზე, როგორც დამაჯერებელ გამარჯვებაზე და ქვეყნისთვის გადამწყვეტ მოგებაზე.
ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია სიცრუეში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან მსგავსი ბრალდებები 2016, 2020 და 2021 წლების არჩევნების დროსაც ისმოდა. ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ უარყო ოპოზიციის ბრალდება მთავრობის პრორუსულ და „პროპუტინისტურ“ კურსთან დაკავშირებითაც და განმარტა, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს.