ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა თბილისში.
ოპოზიციის ნაწილმა პრემიერის განცხადებებიდან ჰომოფობიური და უმცირესობებზე ძალადობის გზავნილები ამოიკითხა. განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა მიმართვის ის ნაწილი, სადაც პრემიერ-მინისტრი უმცირესობის მხრიდან ქვეყნის ეროვნული ფასეულობების შეცვლის მცდელობაზე და აგრესიულ პროპაგანდაზე საუბრობს. ოპონენტების აზრით, მრავალწლიანი ისტორიის მქონე კონფერენციაზე პრემიერის დღევანდელი გამოსვლა პრორუსული აქცენტებით იყო სავსე და არაფერი ჰქონდა საერთო კონსერვატიზმთან. მსგავს შეფასებებს არ იზიარებს მმართველი პარტია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებით კმაყოფილია. ეროვნული ტრადიციების დაცვით პროგრესისკენ და ევროპისკენ სწრაფვა – ასე ფასდება ხელისუფლებისგან გამოსვლა. „ქართული ოცნების“ ლიდერები ოპონენტებს სწორედ უმცირესობის უფლებების დასაცავად ბოლო წლებში მიღებულ კანონებს ახსენებენ.