„გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. დემონსტრაციების მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა „ნაციონალები“ არიან. თუმცა, რუსთაველზე იმყოფებიან გულწრფელი და გულანთებული ახალგაზრდები, რომლებსაც სჯერათ, რომ აქციაზე დგომით კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ“. პრემიერი განცხადებაში საკუთარ „ფეისბუქ“ მეგობრის მაგალითზე, რომელიც ბოლო პერიოდის ყველა საპროტესტო ტალღაში მონაწილეობს, სხვადასხვა პერიოდში გამართულ საპროტესტო გამოსვლებს შორის ავლებს პარალელს და მიუთითებს, რომ წარსული პრაქტიკით დადასტურდა – ხშირად ეს ახალგაზრდები შეცდომაში არიან შეყვანილი, რასაც მოგვიანებით თვითონაც ხვდებიან. „ყველა გულწრფელ ახალგაზრდას, რომელიც არასწორ გზას ადგას, გულწრფელად ვთხოვ, საკუთარ წარსულ ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ, რომ სამომავლოდ მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვან. ყველა გულწრფელ ახალგაზრდას ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ, რადგან ევროკავშირში შესვლა მხოლოდ ღირსებით არის შესაძლებელი. 2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“,- აღნიშნულია ღია წერილში.