პრემიერ-მინისტრის განცხადება

მმართველი გუნდი რეზონანსული კანონპროექტის უკან გაწვევას არ აპირებს.

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერის ბრიფინგი. ირაკლი კობახიძემ პარლამენტთან გუშინ ღამით და დღეს დილით განვითარებული მოვლენები შეაფასა და აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის ხარისხი გუშინდელი აქციის დროს შემცირებული იყო. რაც შეეხება დაკავებებს, პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავების ქმედებები მაღალ დონეზე შეაფასა, თუმცა მიუთითა ცალკეულ ინციდენტებზე. ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბიძინა ივანიშვილი არ შეხვდება. პრემიერი ადასტურებს, რომ ო’ბრაიენის მხრიდან შესაბამისი ინიციატივა იყო, რაზეც უარი თავად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ თქვა. ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელიც სანქციების კოორდინატორიც იყო, საქართველოში დღეს ღამით ჩამოდის.