ბერლინი მსოფლიო ლიდერების შეკრების ადგილია. ათეულობით ქვეყნის პირველ პირებს შორის იმყოფება საქართველოს პრემიერი. უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ომში მყოფი უკრაინის აღდგენის და რეკონსტრუქციის გეგმებს აწყობენ. ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის და სწრაფი რეფორმირების გარშემო საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება მთავარი მიზანია ფორუმის, რომელსაც შვეიცარიის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყანა პირველად მასპინძლობს. კონფერენციის მონაწილეებს სამუშაო შეხვედრაზე სიტყვით მიმართა ირაკლი კობახიძემ. საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ საერთაშორისო პლატფორმებზე მხარდაჭერილი რეზოლუციები და განცხადებები, ჰუმანიტარული დახმარებები-საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და ქვეყნის შესაძლებლობების ფარგლებში დახმარების პირობა მისცა. ომის დაწყების შემდეგ ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის დაძაბული ურთიერთობის და გართულებული დიპლომატიური კავშირების ფონზე უკრაინის აღდგენის კონფერენციაში საქართველოს უმაღლეს დონეზე მონაწილეობა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ბერლინში ევროკავშირისადმი კონკრეტული გზავნილებით და მოთხოვნებით ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი.