თეატრალური პრემია „დურუჯის“ 2018 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საუკეთესო რეჟისორის ჯილდო ელენე მაცხონაშვილს გადაეცა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლისთვის „წერილი ჯერალდინას“. საუკეთესო თანამედროვე ქართულ პიესად ლაშა ბუღაძის „ნავიგატორი“ დასახელდა.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ტიტული თორნიკე გოგრიჭიანს ერგო, ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული მეგი კობალაძეს. წელს პრემია „დურუჯი“ 10 წლის გახდა. ამ წლების განმავლობაში ათჯერ დაასახელა წლის საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი, საუკეთესო პიესა, საუკეთესო მსახიობი ქალი და მამაკაცი, საუკეთესო დებიუტანტი და საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევარი. დაჯილდოვდნენ როგორც სახელგანთქმული, ისე სრულიად უცნობი ხელოვანები.