პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში

საქართველოს ადგილი ევროკავშირშია – ეს არის მთავარი გზავნილი, რომლითაც დღეს ბათუმს პოლონეთის პრემიერი ესტუმრა.

ოფიციალური ვარშავა თბილისს პირობას აძლევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მისგან ძლიერი მხარდაჭერა ექნება. სიტყვით გამოსვლების დროს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა რამდენჯერმე გაუსვეს ხაზი იმ საერთო გამოწვევებს და საფრთხეებს, რომელთა წინაშე საქართველო და პოლონეთი დგანან. გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოც, როცა რუსეთის აგრესიის დროს პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი უკრაინის და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან ერთად საქართველოს მხარდასაჭერად და გვერდში დგომის ნიშნად თბილისში ჩამოვიდა. საკმაოდ ემოციური იყო ის წერილიც, რომელიც ბათუმში, კაჩინსკის ძეგლის გახსნის დროს წაიკითხეს. წერილობითი მიმართვა ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ძმამ გამოგზავნა. რუსულ აგრესიაზე საუბრის დროს პოლონეთის პრემიერმა რამდენჯერმე გაიმეორა ლეხ კაჩინსკის სიტყვები, როცა ის 2008 წლის ომის შემდეგ დასავლეთს მომდევნო სამიზნე ქვეყნებზე აფრთხილებდა.