წინასაარჩევნო სამზადისი იწყება.
მმართველი გუნდის და ოპოზიციონერი ლიდერების რიტორიკა ერთმანეთის მისამართით სულ უფრო მწვავდება. „ქართული ოცნება“ ხელისუფლების მეოთხე ვადით შენარჩუნებაში დარწმუნებულია. მმართველი გუნდის დღევანდელი პროგნოზი 60%-იან მხარდაჭერაზეა გათვლილი. პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პროგნოზს ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებით ამყარებს. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ აისახება ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის უკვე მეორედ გაყოფა და მისგან დანარჩენი ოპოზიციური ძალების დისტანცირების მცდელობა ოპოზიციური სპექტრის საარჩევნო შედეგებზე და მოახერხებს თუ არა დარჩენილ დროში ოპოზიციის ნაწილი მაინც ერთობის მიღწევას – ცალკეული პოლიტიკური აქტორები 5%-იანი ბარიერის პირობებში საარჩევნო თანამშრომლობის აუცილებლობაზე თანხმდებიან. დიდი ალბათობით წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განცალკევებით, ახალი მიზიდულობის ცენტრი უნდა შეიქმნას. როგორ დაკომპლექტდება ახალი ალიანსი – სავარაუდო კონფიგურაციები უკვე გამოკვეთილია.