პოლიტიკური განცხადებები და დაპირისპირება პარლამენტში

კანონის მიღებამდე სხდომათა დარბაზში მძიმე სურათი იყო. დილიდან პარლამენტი პოლიტიკური დაპირისპირების მთავარ ეპიცენტრად იქცა.
ოპოზიცია ხელისუფლებას კონსტიტუციის დარღვევაში, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში და კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობაში ადანაშაულებს. დარბაზში დღეს ძირითადად ტერმინი „რუსული კანონი“ და სხვა საკმაოდ შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმოდა. სიტყვიერთან ერთად დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. მმართველი გუნდისთვის ოპონენტების ბრალდებები არგუმენტებისგან დაცლილია. რუსეთში 2012 წლიდან ამოქმედებული რეგულაციების ანალოგი თუ ევროკავშირში ინიცირებული და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე მიღებული კანონის მსგავსი ინიციატივა – მმართველი პარტიის კანონპროექტი ისე იქცა კანონად, რომ მხარეები მის ვერც ერთ მუხლსა და პუნქტზე ვერ შეთანხმდნენ.