მედიაციის გადამწყვეტი დღე – უახლოეს საათებში უნდა გახდეს ცნობილი, დასრულდება თუ არა საქართველოში ხუთთვიანი პოლიტიკური კრიზისი კომპრომისული შეთანხმებით.
კრიზისიდან გამოსვლის ევროკავშირისეული ხედვა იმ დოკუმენტის ტექსტშია წარმოდგენილი, რომელიც ხანგრძლივი და რთული შეხვედრების შემდეგ კრისტიან დანიელსონმა დღეს მოლაპარაკებათა მაგიდაზე დადო. ახლა მთავარი კითხვაა, აღმოჩნდება თუ არა ტექსტის შინაარსი ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის მისაღები და მოაწერენ თუ არა მხარეები მას ხელს. რა წერია დოკუმენტში და მმართველი გუნდის და ოპოზიციის რადიკალურად განსხვავებული პოზიციების ფონზე სად ხედავს ევროპული საბჭოს პირადი წარმომადგენელი გამოსავალს – შეხვედრა ოთხი საათის წინ ისე დაიწყო, რომ ტექსტის შინაარსი მხარეებისთვისაც უცნობი იყო. ცნობილია მხოლოდ შვედი დიპლომატის წინასწარი გზავნილი, რომლის მიხედვით საჭიროა სისტემური რეფორმა და ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულების მიმართ.