მომავალ პოლიტიკურ გადაჯგუფებებზე საუბარი აქტუალური იყო პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზეც, რომელიც მწვავე დებატებში გადაიზარდა.
ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებული კრიტიკის საგანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გახდა. ოპონენტებმა პროცესი ფორმალობად და ფარსად გამოაცხადეს და კანდიდატების დიდი ნაწილის კვალიფიკაცია ეჭვქვეშ დააყენეს. მეტიც, „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტს მოუწოდა, მოსამართლეობის მსურველთა ნაწილს მხარი არ დაუჭირონ. სიტუაცია დარბაზში მაშინაც გამწვავდა, როდესაც დეპუტატები ე.წ. პოლიტიკურ ამნისტიაზე გიგა ბოკერიას განცხადებას აფასებდნენ.