უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების გეგმის ფარგლებში, დონალდ ტრამპი განიხილავს გარიგებას, რომლითაც ნატო უარს იტყვის აღმოსავლეთით გაფართოებაზე, კერძოდ, უკრაინასა და საქართველოზე. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ტრამპი მოლაპარაკებებს გამართავს ვლადიმერ პუტინთან იმასთან დაკავშირებით, უკრაინის ტერიტორიის რომელი ნაწილი შეუძლია, დაიტოვოს რუსეთმა. გარდა ამისა, „პოლიტიკო“ თავდაცვის საკითხების ექსპერტ დენ კოლდუელზე დაყრდნობით წერს – ყოფილი „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ელოდება, რომ ევროპული ქვეყნები მკვეთრად გაზრდიან ნატოს ფარგლებში თავდაცვის ხარჯებს, ასევე, გეგმავს ნატოს „რადიკალურ გადაორიენტირებას“. დონალდ ტრამპს არაერთხელ გამოუთქვამს მუქარა, რომ აშშ-ს ნატოდან გაიყვანს.