პოლიტიკის რადიკალიზაციის მცდელობა - შეფასებები

ტრამპზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ პოლარიზაციის შემცირებაზე საუბარი გააქტიურდა საქართველოშიც.

„რესპუბლიკელთა“ საპრეზიდენტო კანდიდატის მკვლელობის მცდელობის შეფასებებმა შიდა პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა. მმართველი გუნდი მომხდარს უკიდურესად გაზრდილ პოლარიზაციას, სიძულვილის ენას და მძიმე რიტორიკას უკავშირებს, ახსენებენ გლობალური ომის პარტიას, პარალელს ავლებენ ორი თვის წინ სლოვაკეთის პრემიერზე მომხდარ თავდასხმასთან და 13 ივლისის შემზარავ შემთხვევას ლიბერალური ფაშიზმის მარცხად მიიჩნევენ. პოლარიზაცია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოშიც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, რაც საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებშიც აქცენტირებულია. ბოლო თვეებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე პოლიტიკოსები პროცესების რადიკალიზაციის საფრთხის ზრდას და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას პროგნოზირებენ.