ევროპარლამენტარების რეკომენდაცია ღიად რჩება.
სამი ოპოზიციური პარტია პოზიციის გადახედვას არ განიხილავს და „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართვას გამორიცხავს. მათი დღის წესრიგის მთავარი ხაზი რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე და პირველ რიგში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე გადის. ყველა ის საკანონმდებლო ინიციატივა, რაც ხელისუფლების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად მზადდება, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ფარსად და იმიტაციად ცხადდება. „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ალტერნატიულ კანონპროექტებს წერენ, რაც მმართველ პარტიასთან ერთად, ოპოზიციის დანარჩენი ნაწილისთვისაც გაუგებარია. საკმაოდ მწვავე აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი გზავნილი. შალვა პაპუაშვილი ხელისუფლების მიერ დაწყებული პროცესისგან გამიჯნულ ოპონენტებს პარლამენტის დელეგიტიმაციაში და კონსტიტუციურ წყობასთან სახიფათო თამაშში ადანაშაულებს.