საქართველო ისტორიულ როლს იბრუნებს.
შუა დერეფნის პროექტში ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი იზრდება – ჩინეთიდან წამოსული ტვირთი საავტომობილო გზით ჩვენს ქვეყანაში პირველად შემოვიდა. თუ მანამდე ევროპის მიმართულებით გადაზიდვები საზღვაო და სარკინიგზო გზებით ხორციელდებოდა, ახლა ახალი მარშრუტი გაჩნდა, რომელიც გადაზიდვის დროს მკვეთრად ამცირებს. ჩინეთიდან საქართველომდე ტვირთმა დაახლოებით ორ კვირაში ჩამოაღწია. გზის დატესტვა და ტვირთის ავტოტრანსპორტით პირველად გადაზიდვის საცდელი რეისი წარმატებული აღმოჩნდა. შემდგომი გეგმა ტვირთის თურქეთში და მოგვიანებით უკვე ევროპის ქვეყნებში გატანაა. ჩინეთთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლეა. საქართველოს მოქალაქეებს დღეიდან სიდიდით მეორე ეკონომიკის ქვეყანაში უვიზოდ ჩასვლა შეუძლიათ.