პირველი აპრილიდან პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა

მთავრობის დადგენილებით, დღეიდან საქართველოში ნებისმიერი ზომის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. შედეგად, აღნიშნული სახის საქმიანობით დაკავებულმა რამდენიმე კომპანიამ დღესვე წარმოების გაჩერებისა და სამსახურიდან თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც „ჯორჯიანტრანსის“ ფინანსურმა დირექტორმა, ირაკლი ნემსაძემ პირველ არხს განუცხადა, ქარხნის მუშაობა ამ ეტაპზე შეჩერებულია. როდის განაახლებს კომპანია მუშაობას, ჯერ უცნობია.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეგულაციების გადავადების მოლოდინი ჰქონდათ. მათი თქმით, მსგავსი დაპირება კომპანიებმა სახელმწიფოსგან მიიღეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ დადგენილების გამოქვეყნებიდან კომპანიებს რეგულაციებისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო ჰქონდათ და რეგულაციის გადავადებას უწყება არ გეგმავს.