პიროტექნიკის გამოყენების შედეგები

ახალი წლის თანმდევი საფრთხე – პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, წელსაც რამდენიმე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. დაზარალებულები სხვადასხვა რეგიონიდან არიან. ცალკეულ შემთხვევებში დაზიანება იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. თუმცა სტატისტიკური მონაცემები ისეთი საგანგაშო არ არის, როგორც წინა წლებში.

წინასწარმა გაფრთხილებებმა, მოწოდებებმა და ახალ წლამდე დაწყებულმა კამპანიამ შედეგი გამოიღო – თბილისში მძიმე შემთხვევები, საბედნიეროდ, ამჯერად არ დაფიქსირებულა. მკვეთრად იკლო პიროტექნიკის გამოყენების სიხშირემაც. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული გამოწვევის დასაძლევად მალე შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებები მიიღონ, რადგან არასრულწლოვნებზე დაწესებულმა შეზღუდვამ სათანადოდ ვერ იმუშავა. კონტროლის გასამკაცრებლად პარლამენტში სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია.