პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საარჩევნო სიის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით დღეიდან გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო.

უწყების ცნობით, 2020 წლის პირველ ნოემბრამდე პირადობის მოწმობის უსასყიდლოდ მიღება შეუძლიათ პირებს, თუ:

✓ მათ სახელზე 2019 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არ ყოფილა გაცემული;

✓ მათზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი 2019 წლის 1 ივლისამდეა გაუქმებული ან უქმდება 2020 წლის 1 ნოემბრამდე;

✓ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

✓ რეგისტრაციიდან არიან მოხსნილნი, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა და აქციის ფარგლებში დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;

✓ მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი, აქვთ გაუქმებული პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან კონკრეტულ მისამართზე;

✓ რეგისტრირებულნი არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს, ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე.