სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან ხუთი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, წალკის რაიონში მცხოვრებმა ბრალდებულმა, სოციალურ ქსელში კომუნიკაცია სამ არასრულწლოვან გოგონასთან დაამყარა. ორი დაზარალებული არასრულწლოვანისგან გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტო კი საჯაროდ განათავსა, რითაც დაზარალებულებს დამატებით ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება და გადაგზავნა აიძულა. ბრალდებული დაკავებულია. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის კიდევ ერთი საქმე გახსნა და დანაშაულში სამი პირი ამხილა. გამოძიების ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში, სკოლის მოსწავლე გოგონამ facebook messenger-ის საშუალებით, ნაცნობ 14 წლის ბიჭს საკუთარი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეო გადაუგზავნა, რომელმაც აღნიშნული მასალა მის ორ მეგობარს გაუზიარა. დანაშაულში გამოვლენილი სამი არასრულწლოვანის ქმედების შედეგად, დაზარალებული გოგონას ინტიმური შინაარსის ფოტო მის კლასელებში გავრცელდა. რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ დანარჩენ 10 პირს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ.