PHIZER-ის ვაქცინა საქართველოშია  

ერთთვიანი დაგვიანებით „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი პარტია საქართველოშია.

29 000 დოზა აშშ-დან მივიღეთ. ამ პრეპარატით აცრა 30 მარტიდან დაიწყება და ის მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის გათვალისწინებული აღარ იქნება. იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებლის გამო, „ასტრაზენეკას“, ასევე „ფაიზერის“ ვაქცინით ასაცრელთა ჯგუფები ფართოვდება. დღეიდან დაიწყო 65 წელს ზემოთ პირების რეგისტრაცია, უახლოეს პერიოდში იგეგმება 55 წელს ზემოთ მოქალაქეების ჩართვაც. უფრო დაბალი ასაკის და არა რისკ-ჯგუფების რეგისტრაცია კი აპრილიდან არის დაანონსებული, თუმცა მიმართვიანობაზე დაკვირვებიდან გამომდინარე ამ ვადებმაც შესაძლოა გადმოიწიოს. ვაქცინაციის დაწყებიდან მე-11 დღეს „ასტრაზენეკათი“ აცრილია მხოლოდ 4 200-მდე პირი. „ფაიზერით“ აცრის მსურველთა რიცხვი კი ხვალისთვის გვეცოდინება. ამ მომენტისთვის თბილისის რამდენიმე კლინიკაში აპრილის შუა რიცხვებამდე ადგილები პრაქტიკულად შევსებულია.